თბილისი (GBC) - ამერიკელმა კონგრესმენებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. კანონპროექტზე, რომელიც "ამერიკის ხმას" კონგრესიდან მიაწოდეს, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და მას ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონი წარუდგენს. არაღიარების აქტი გულისხმობს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. კონგრესიდან რამდენიმე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის ოფიციალურად ვაშინგტონის დროით, ხუთშაბათ დილით კონგრესს უნდა წარედგინოს.
აქტის დამტკიცების შემთხვევაში, "ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს". შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად კი "ამერიკის ხმისთვის" მიწოდებულ დოკუმენტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.
“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით", - უთხრა "ამერიკის ხმას" ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა:
"ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - ამბობს კოენი "ამერიკის ხმასთან".
ეს აქტი არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკა „აქტიურად უნდა შეეწინააღმდეგოს ივანიშვილის ლიდერობით მოქმედ ხელისუფლებასთან სხვა მთავრობების ურთიერთობას და მათი მხრიდან აღიარებასა თუ ურთიერთობების ნორმალიზებასაც". ასევე, აქტის თანახმად, „ამერიკამ სრულად უნდა აღასრულოს პირველადი და მეორეული სანქციები და გამოიყენოს სხვადასხვაგვარი უფლებამოსილება, მათ შორის, „მაგნიტსკის გლობალური აქტი“ და აღმასრულებელი ბრძანება N 14024, რომ შეაკავოს კორუფციული ქმედებები, ან საქართველოს მხრიდან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის სახელით გატარებული საგარეო გავლენის ოპერაციები“, - ვკითხულობთ აქტში.
აღმასრულებელი ბრძანება N 14024 პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს ხელმოწერილი ბრძანებაა, რომელიც უშუალოდ რუსეთის მთავრობის მიერ ჩადენილ მავნე საგარეო ქმედებებზე ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. 27 დეკემბერს ამერიკის ხელისუფლებამ სწორედ ამ ბრძანების ფარგლებში გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ამხილა ის დემოკრატიისთვის ძირისგამომთხრელ საქმიანობაში „რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით, ან პირდაპირ ან ირიბად მის სასარგებლოდ მოქმედებით“.
„ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის თანახმად, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.
აქტი ასევე ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, და ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოს „ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებამდე მოქმედი პრეზიდენტი“ უნდა მიიჩნიოს.
საბოლოოდ კი, აქტის თანახმად, თუკი ქვეყანაში კონსტიტუციური პირობები აღდგება და ამას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დაადასტურებს, ამერიკის პრეზიდენტმა ეს პოლიტიკა შეიძლება გააუქმოს.
„მეგობარი აქტის“ მეორე სიცოცხლე
შეერთებული შტატების 119-ე მოწვევის კონგრესმა მუშაობა გასულ კვირას განახლებული შემადგენლობით დაიწყო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირებამდეც კი, ორივე პარტიის წარმომადგენელმა ოთხმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განახლებული „მეგობარი აქტი“ წარუდგინა. ეს რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ლიდერობით შემუშავებული საკანონმდებლო აქტია, რომელიც თავდაპირველად გასული წლის მაისში დარეგისტრირდა, მაშინ, როცა ამერიკამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.
“MEGOBARI აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence) განახლებულ კონგრესს ორი რესპუბლიკელი კონგრესმენის - ჯო უილსონისა და რიჩარდ ჰადსონის და ორი დემოკრატი კონგრესმენის - სტივ კოენისა და მარკ ვისის ინიცირებით წარედგინა.
„მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ სანქციებს გულისხმობს. „მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულია კორუფციაში, ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაში“. აქტი ასევე გულისხმობს მექანიზმებს იმისთვის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა აღდგეს და გაღრმავდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. ამავე აქტით, კანონმდებლები მოითხოვენ საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის სადაზვერვო აქტივების, და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ სრულ ანგარიშს.
არაღიარების პოლიტიკა
8 იანვარს პლატფორმა "X"-ზე ჯო უილსონმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლები აწერენ. მათ შორის არიან ევროპარლამენტის წევრები, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, გერმანიის, შვედეთის, ლიეტუვის, იტალიის, ჩეხეთის პარლამენტების წევრები, ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. წერილში ნათქვამია, რომ ისინი დემოკრატიულ სამყაროს საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოქმედი მთავრობა კი არალეგიტიმურად აღიარონ.
"მადლიერი ვარ, რომ ვხელმძღვანელობ "საქართველოს საერთაშორისო მეგობრების" ამ განცხადებას. ჩვენ მოვუწოდებთ "თავისუფალ მთავრობებს, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი რანგის შეხვედრებისგან, სანამ ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს დათანხმდება. ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციებისკენ", განცხადა ჯო უილსონმა.
I am grateful to lead this statement of the International Friends of Georgia. We call on all free governments to refrain from senior meetings with the Ivanishvili regime until it agrees to hold free and fair elections. We also call for unified sanctions against the regime. pic.twitter.com/K8sa1lRF5v
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 8, 2025
"არამეგობრული და მტრული აქტი"
ამერიკის მიერ სანქციების დაწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "ეროვნული ინტერესების მსახურებისთვის ჯილდოდ" მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით აშანტაჟებდნენ და ახლა დასავლეთს ეს ბერკეტიც ხელიდან აქვს გამოცილი. 8 იანვარს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "ოცნების" კრიტიკოსებს დასავლეთში ე.წ. "დიფ სთეითი" ანუ "ჩრდილოვანი სახელმწიფო" მართავს, ძალა, რომელიც "ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის". რაც შეეხება, ამერიკის კონგრესში წარდგენილ აქტებს, "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ჯო უილსონს "დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს".
"უილსონმა იმოქმედა პრინციპით - „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ", - ვკითხულობთ "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მოქალაქეთა ნაწილი 40 დღეზე მეტია საქართველოს ქუჩებში აპროტესტებს.
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.