თბილისი (GBC) - მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციას დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები კვირას მთელი დღის განმავლობაში ეხმაურებოდნენ. მათმა ძირითადმა ნაწილმა განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და რომ სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, რომელსაც მოუსმენს დასავლეთი. ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ იმ კრიზისიდან, რომელიც, სავარაუდოდ, გაყალბებულმა არჩევნებმა და ჰომოფობიურმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ არღვევს ადამიანების უფლებებს საქართველოში, თავის დაღწევის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა X-ზე დაწერა, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლო ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო. უკვე ერთი თვეა ქართველი ხალხი მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. არცერთ მთავრობას არ შეუძლია მათი მოთხოვნის იგნორირება.

OSCE/ODIHR-მა დაადასტურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შესაძლო ახალი არჩევნების განხილვით“, – დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

„ჩვენ გამოვედით მოწოდებით საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. ჩვენ დავგმეთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და დაშინება; ჩვენ ვწუხვართ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართული მუქარის გამო. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყნის გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. ასევე ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატმა კნუტ აბრაჰამმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მოუწოდა, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში უნდა ჩავიდნენ. მან ეს ინფორმაცია გუშინ, 29 დეკემბერს X-ზე გაავრცელა.

„პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითი დღე უარესდება. ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს", - წერს აბრაჰამი. 

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე წერს: „ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - წერს ამერიკელი სენატორი.

აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ აღშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, მაგრამ აღფრთოვანებულია საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილით.

"ზურაბიშვილი არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშავოს მას. ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას, სალომე ზურაბიშვილის ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მსგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებულნი".

"ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია არ გამორჩენია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთსაც, რომელმაც X-ზე დაწერა:"სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით.

ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც შეიძლება მალე". 

ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს, "მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. ქართული ოცნების მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ.

რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა:

  • ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება;
  • არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია;
  • ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება;
  • სანქციები ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს.

32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს".

ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და მოქმედ ელჩს შვედეთში, ლინას ლინკევიჩუსს მიაჩნია, რომ საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის მხოლოდ ერთი გზა აქვს და ეს გზა - ახალი არჩევნებია.

"ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება.

მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს] ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში".

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე საგარეო ურთიერთობების საკითხებში, კარლ ბილდტი წერს, "დაპირისპირება საქართველოში, რეჟიმმა თავისი ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი.

ზურაბიშვილმა თან წაიღო ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ცარიელი სასახლე დატოვა".

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კი გუშინ განაცხადა: "დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.

თქვენი გამბედაობა და მონდომება შთააგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე".

ყაველაშვილის ინაუგურაცია არ გამორჩენია ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას: "კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია იყო.

საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე", - თქვა მან.

მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, - რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

„დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყაველაშვილის საპრეზიდენტო ფიცი კი ასეთი იყო:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინების და ძლევამოსილებისათვის“.

საქართველოს მე-6 პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხალხს მიმართავდა, რომელმაც თავისი გამოსვლაში თქვა: "გავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალური ვიზიტების, რომელსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით, იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება ხვალინდელი გამარჯვება. ამ ყველაფრისთვის მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. ეს ბოლო, დარწმუნებული ვარ, ახლოსაა, მაგრამ უნდა გავუძლოთ, გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგია გვაქვს ძალიან დიდი, ესაა სიყვარულის, მშვიდობის და მომავლის ენერგია.

31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამის შემდეგ ის ორბელიანის სასახლიდან შეკრებილ მოქალაქეებთან მისასალმებლად გავიდა, ბოლოს კი ორბელიანის მოედანი მანქანით დატოვა და მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას დაესწრო.