თბილისი (GBC) - რობერტა მეცოლას 16 ივლისს ფართო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტს იგი მომდევნო ორ წელიწად - ნახევრი კვლავ უხელმძღვანელებს. 

მეცოლა პირველი ქალია, რომელიც ევროკავშირის კრების თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა: „რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X"-ში.

რობერტა მეცოლას მეორე ვადით ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას სალომე ზურაბიშვილიც ულოცავს: "ვულოცავ პრეზიდენტ მეცოლას ხელახალ არჩევას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე ევროპული არჩევანის მიმართ თქვენი თავდადებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისათვის. ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას!"- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მეცოლა - მალტელი კანონმდებელი - ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ქალია, რომელიც 2022 წელს ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა და მეორეა გერმანელი მარტინ შულცის მერე, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს 1979 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირის პარლამენტის შემადგენლობის პირდაპირ არჩევის წესი შემოიღეს.

Reuters-ის ცნობით, რობერტა მეცოლას 623-ი დეპუტატიდან 562-მა დაუჭირა მხარი. მემარცხენეების მიერ წარდგენილმა ირინე მონტერომ კი მხოლოდ 61 ხმა მიიღო.