თბილისი (GBC) – რუსეთის ხელისუფლება „უცხო ქვეყნის აგენტებისთვის“ უძრავი ქონების გაყიდვიდან ან გაქირავებიდან შემოსავლის მიღების აკრძალვას ამზადებენ. მათ საბანკო ანაბრებიდანაც აეკრძალებათ პროცენტების მიღება. „აგენტების კანონში“ შესაბამისი ცვლილებები დუმის დეპუტატებმა მოამზადეს. ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ისინი, ვინც ჩვენი ქვეყანა გაყიდეს, ვერ უნდა გამდიდრდნენ მისი მოქალაქეების ხარჯზე და რუსეთში გამომუშავებული ფული არ უნდა გამოიყენონ მის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვოლოდინმა. კანონპროექტი რუსეთის დუმაში 14 ნოემბერს შეიტანეს. დოკუმენტის განმარტებაში ნათქვამია, რომ იგი მიმართულია „ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და რუსეთის საშინაო საქმეებში უცხოური ჩაურევლობისკენ“.

დოკუმენტი პირველი მოსმენით 20 ნოემბერს მიიღეს. თავდაპირველად ეს კანონი მხოლოდ ინტელექტუალური მოღვაწეობიდან მიღებულ შემოსავლებს ეხებოდა.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.

ამის შემდეგ, 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო მეორე დღესვე, 19 მაისს დაძლია. ვეტოს დაძლევას და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო.