თბილისი (GBC) – სააპელაციო სასამართლომ სამშაბათის სხდომაზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.

მანამდე, საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.