თბილისი (GBC) - 2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიომაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 მლნ ლარიდან 17.6 მლნ ლარამდე შემცირდა (–12.1%).

მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მლნ ლარის ნაცვლად 15.6 მლნ ლარი შეადგინა.
 
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 17.7% - სპონსორობამ, ხოლო 11% – პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
 
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის II კვარტალში კვლავ „ტელეიმედს" ჰქონდა, თუმცა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მისი შემოსავალი 10%-ით შემცირდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. 10%-ით შემცირდა ასევე „რუსთავი 2"-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა. 15%-ით გაიზარდა „პოსტვ"-ის შემოსავალი და 1.6 მილიონი ლარი გახდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტი - 52%-იანი ზრდა ჰქონდა „ტელეკომპანია პირველს", რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. 18%-ით გაიზარდა ასევე „ფორმულას" კომერციული შემოსავალი და 1.4 მილიონი ლარი გახდა. „ბი ემ ჯიმ" წინა წლის II კვარტალთან შედარებით, 14%-ით მეტი მიიღო და მისმა სარეკლამო შემოსავალმა 1.0 მილიონი ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ის კომერციული შემოსავლები და კვლავ 0.6 მილიონ ლარს უდრიდა. 33%-ით გაიზარდა „სილქნეტის" შემოსავალი და 0.3 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს", მისი სარეკლამო შემოსავალი 71%-ით შემცირდა და 0.2 მილიონი ლარი იყო. „სილქ მედიას" შემთხვევაში, ტელევიზიის შემოსავალი უცვლელი - 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა ტელემაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 0.9 მილიონი ლარი შეადგინა. 
 
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 6%-ით შემცირდა და როცა 2024 წლის II კვარტალში 2.1 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში 2.0 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 10.5% სპონსორობას ეკავა.  
 
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.