თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 იანვარს აცხადებენ, რომ ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლები,ც შესაძლოა, ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, უწყებაში არ შესულა.

„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აზუსტებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera-ს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს 6 მოქალაქე.

„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. მათივე ცნობით, ნავთობტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 20 უკრაინის მოქალაქეა. 6 კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი - რუსეთის მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში 7 იანვარს დააკავა.