თბილისი (GBC) - მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გუშინ, 3 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მილოცვები კი გამარჯვებისთანავე დაიწყო. "მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა - მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან ხაზი გაუსვა იშვიათ ძალას, რომლითაც სანდუმ გადალახა არჩევნებთან დაკავშირებული სირთულეები.
ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მაია სანდუს უდასტურებს მოლდოვისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას.
სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი განცხადებით დემოკრატიამ გაიმარჯვა ყველა ჩარევასა და მანევრზე. მაკრონი ადასტურებს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე.
მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პროპრუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო (45%).
ისევე, როგორც 20 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურამდე, რომელშიც სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მოლდოვის ხელისუფლებამ მეორე ტურის დროსაც განაცხადა არჩევნებში რუსეთიდან ჩარევის შესახებ.
3 ნოემბერს, პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ რუსეთი დაადანაშაულა კენჭისყრის პროცესში მასობრივად ჩარევაში. მოსკოვში ამას უარყოფენ.