თბილისი (GBC) - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ისტორიულ ნაბიჯს“ უწოდებს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!“ – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
🇬🇪 welcomes the conclusion of negotiations between 🇦🇲 and 🇦🇿 on all 17 articles of the Peace Agreement. A historic step toward lasting peace and stability in the region! @MFAofArmenia @AzerbaijanMFA
— MFA of Georgia (@MFAgovge) March 14, 2025
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შესახებ 13 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოს შეატყობინეს ერევნის თანხმობაზე “აზერბაიჯანის წინადადებებზე ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით”, - რა მუხლებზეა საუბარი დასახელებული არ არის.
“შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე”, - წერდა გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მათ აზერბაიჯანულ მხარეს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.