თბილისი (GBC) - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე, პარასკევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი წლებია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტზეც, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად მონაწილეობენ, რაც სამხრეთ კავკასიას ევროპულ ენერგებაზართან დააკავშირებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო მთავრობის მიზანია ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის წახალისება.
სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებთან ერთად, ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციას.
მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი წარმატებით დასრულდა და იგი რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
