თბილისი (GBC) – საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პარასკევს, 9 აგვისტოს, ორპარტიული ოფიციალური ვიზიტით ჩამოდიან. ამერიკელი პოლიტიკოსები დღეს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.

შაბათს კონგრესმენს და სენატორს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მოხარული ვართ, რომ ვუმასპინძლოთ მათ. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.