თბილისი (GBC) - შვეიცარიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დროებით შეაჩერა, - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ხვალიდან, 3 აპრილიდან ძალაში შემავალი გადაწყვეტილება 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს და მხოლოდ ოფიციალური პასპორტის მფლობელებს შეეხება. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები უცვლელი რჩება.
ფედერალური საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის მიერ ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ამოქმედებას უკავშირდება.
„ევროკავშირმა მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას იძლევა სავიზო მოთხოვნები საგარეო ურთიერთობების გაუარესების ან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფუძველზე დაწესდეს. ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ამ დებულებების ამოქმედება გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო გადაწყვიტა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შვეიცარიის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც შენგენის ზონის წევრი, ის ვალდებულია ასახოს ევროკავშირის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები საკუთარ რეგულაციებში. გადაწყვეტილების ფარგლებში, ასევე შეჩერებულია შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლი.
ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა ერთი წლის ვადით მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქართველოში მიღებულმა გარკვეულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია.