თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოთხშაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკურ თუ ინსტიტუციურ შედარებებს „ცარიელი სპეკულაციები“ უწოდა. მთავრობის მეთაურმა ასევე ვრცლად ისაუბრა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის აუცილებლობაზე, რაც მისი თქმით, „ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის“ ჩამოყალიბებისთვის გარდაუვალი ნაბიჯია.

კობახიძემ განცხადება გააკეთა უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების საქართველოსთან წინ დაყენება რეალობას მოკლებულია.

„ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. 2022 წლის შემდეგ პროცესები მძიმედ განვითარდა - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის. რაც შეეხება მოლდოვას, ის არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად აუცილებელია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი აკრძალვა, რისთვისაც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.

კობახიძემ ოპოზიციური ერთობა გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას შეადარა.

„თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური გაერთიანება. ჩვენი სურვილია, რომ ამ ოთხი რადიკალური არაკონსტიტუციური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. არ შეიძლება მუდმივად ამ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ჩვენი ქვეყანა, როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია და მეორე მხარეს არის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ოპოზიცია. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნა ეფუძნება მათ წარსულ საქმიანობასა და მუდმივ „საბოტაჟს“. მისი თქმით, სარჩელში წარმოდგენილია მრავალი არგუმენტი, მათ შორის „ადამიანის წამება, ბიზნესის რეკეტი და მედიის მიტაცება“. კობახიძის მოსაზრებით, რადიკალური ძალების ჩამოშორების შემდეგ, 2028 წლისთვის ასპარეზი „ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს“ დაეთმობა.

საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინზე და დააზუსტა კომუნიკაციის ვადები.

„ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით“, - დასძინა მან.