თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა ევროინტეგრაციის ის მოდელი, რომელსაც, მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინასა და მოლდოვას სთავაზობს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის „თვითმიზანი“, თუ ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დათმობის ფასად უნდა მოხდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ პარტნიორებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა საქართველოსთვის მიუღებელია.
„მინდა ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა. საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი და იდენტობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მაგალითად გერმანელი პოლიტიკოსის, ფრიდრიხ მერცის განცხადება მოიყვანა უკრაინის მიერ ტერიტორიების შესაძლო დათმობაზე და მოლდოვის პრეზიდენტის პოზიცია რუმინეთთან ინტეგრაციაზე, რაც პაპუაშვილის შეფასებით, „სახელმწიფოს გაუქმების“ ტოლფასია.
პაპუაშვილმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ოპოზიცია, მათ „სატელიტებ„საქართველო ვასალობას არ დაუბრუნდება“ - პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩსა და ოპოზიციას „სალონურ მართვაში“ ადანაშაულებსი“ და „ვასალები“ უწოდა.
„ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომელიც ქართულ რეალობას მოწყვეტილია. ჰგონიათ, ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის. რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. საქართველოს დიდი ხანია უარი აქვს ნათქვამი სატელიტობასა და ვასალობაზე“, - აღნიშნა მან.
29 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის კიდევ ერთი სამიზნე გერმანიის მთავრობა გახდა. დაპირისპირების მიზეზი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციაა, სადაც საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული. პაპუაშვილმა ეს ფაქტი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა და გერმანიას „ბნელ წარსულში“ დაბრუნების მცდელობაში დასდო ბრალი.
„გერმანიის მთავრობა თავისი ქცევით აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. გერმანიას ჯერ აქვს შესაძლებლობა, გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს. გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს. დღეს რუსეთი არის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ახლა უკვე დაემატა გერმანიის მთავრობა. აქ სულელი არავინაა, ქართველები გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი არ ვართ“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის მხარეს რუტინულად გაუგზავნის პროტესტის ნოტებს, ვიდრე აღნიშნული „სუვერენიტეტის ხელყოფა“ არ აღმოიფხვრება.
თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ დაიძაბა. ვაშინგტონმა მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში დაიწყო, რასაც მოჰყვა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ფინანსური დახმარების გაყინვა.
კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი არ აღიარებს. ამჟამად ბრიუსელი თბილისს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება „შიდა საქმეებში ჩარევად“ აფასებს.
ამ მოვლენების ფონზე, ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ წევრებმა, უკრაინამ და მოლდოვამ, ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიეს:
- 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები კიევთან
- 2024 წლის ოქტომბერში მოლდოვამ რეფერენდუმით დაადასტურა ევროპული კურსი, რასაც ბრიუსელის მხრიდან მრავალმილიარდიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი მოჰყვა.