თბილისი (GBC) - "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" (სოვლაბი) განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ლაბორატორია რთულ ვითარებაშია და დახმარება სჭირდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ისინი მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა, მაინც ცდილობენ არ შეწყდეს საქართველოს უახლესი წარსულის კვლევა.
"სოვლაბი" იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც მათი საქმიანობა შეაფერხა, ესენია: "საკვანძო (ყოფილი კაგებეს და კომპარტიის ცეკას) არქივების სრულმა დახურვამ მნიშვნელოვნად გაართულა კვლევის პროცესი; ყურით მოთრეული ბიუროკრატიული ბარიერების მომიზეზებით რეჟიმის ადგილობრივმა სტრუქტურებმა ჩაგვიშალეს დაგეგმილი ღონისძიებები; ჩვენი თანამშრომლები იქცნენ როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვადასხვა რეპრესიული ჯარიმის სამიზნეებად".
როგორც "სოვლაბი" აცხადებს, საქმიანობის შეფერხების შედეგად, ორგანიზაცია დადგა სამუშაო გარემოს - ოფისისა და კომუნალური გადასახადების გადახდის გამოწვევის წინაშე, რის გამოც იძულებული გახდნენ, დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართონ.
"ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ქართული საზოგადოება ბევრად უფრო მწვავე გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე დგას. ყველა ჩვენგანის უმთავრესი პრიორიტეტია, ყველა არსებული საშუალებით დავეხმაროთ საპროტესტო მოძრაობას, რეჟიმის მსხვერპლებს, მისი ტყვეების ოჯახებსა და ახლობლებს.
შედეგად, ბოლო თვეებია, სოვლაბის საქმიანობაც მთლიანადაა მიმართული აქციების მუხტის გაძლიერებისკენ: იქნება ეს თემატური მარშების ორგანიზება თუ საჯარო ლექციების ჩატარება რუსთაველზე, პროტესტის პარალელურად. თუმცა, ჩვენი საქმიანობის შეფერხების შედეგად, სამწუხაროდ, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში დავდექით სამუშაო გარემოს - ოფისისა და კომუნალური გადასახადების გადახდის - გამოწვევის წინაშე, რის გამოც იძულებული ვართ, დახმარებისთვის მოგმართოთ თქვენ", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, სოვლაბი ბიზნესისა და ორგანიზაციებისთვის შეთავაზებას აცხადებს და მსურველებს საფეხმავლო ტურებს სთავაზობს.
"ჩვენ გთავაზობთ, დაჯავშნოთ თქვენი კომპანიისთვის მისაღებ დროს სოვლაბის რომელიმე საფეხმავლო ტური, რომელსაც გაუძღვებიან სოვლაბის გამოცდილი მკვლევრები. ტურები გრძელდება საშუალოდ 2 საათი და გამდიდრებულია სხვადასხვა მოვლენის ამსახველი უნიკალური ფოტომასალით. ტურში მონაწილეობა შეუძლია 20-მდე ადამიანს.
ტურები საშუალებას მოგვცემს მიმდინარე რთული პერიოდის განმავლობაში თავი გავართვათ არსებულ გამოწვევებს და მოვიზიდოთ კვლევისა და ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური რესურსები", - წერია სოვლაბის შეთავაზებაში.