თბილისი (GBC) - პოლიტიკური პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთვის გაურკვეველია, დასავლელი პარტნიორების მიერ დაწუნებული ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში „ვის იმედად“ ტოვებს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა.

ხვიჩიას ამ კითხვაზე უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დარჩება „საკუთარი თავის, ქართველი ხალხის და მეგობრების იმედად, რომლებიც სწორად გაიგებენ ამ კანონპროექტის არსს“. 

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც სადავო კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს, ფრაქცია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ტრიბუნიდან მიმართავდა კოლეგებს, სახეში მუშტი დაარტყა. ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციონერ დეპუტატს ჯგუფურად სცემეს.

"ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ", – განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ჩხუბის გამო შეწყვეტილი საკომიტეტო მოსმენა მომხდარიდან რამდენიმე წუთში განახლდა.