თბილისი (GBC) – რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელია თბილისს, ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგი – ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მეტიც, რუსეთის საგარეო უწყების საიტზე ატვირთულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზადაა, ასეთ დიალოგს ხელი შეუწყოს.

„დისკუსიის მონაწილეებმა პირველ რიგში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ – ერთის მხრივ თბილისმა, მეორეს მხრივ სოხუმმა და ცხინვალმა. ასეთი იურიდიული ვალდებულებების მიღებას განვიხილავთ, რათა აღარ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს განცხადება აგვისტოს ომიდან 16 წლის თავზე გაკეთდა და რუსეთის ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადაყვანაში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას ადანაშაულებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საჭიროა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. ამ ომის შედეგად თბილისმა კონტროლი დაკარგა როგორც ცხინვალის რეგიონზე, ისე აფხაზეთზე. საქართველოს 30 ათასი მოქალაქე დღემდე დევნილობაში ცხოვრობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც აკონტროლებენ ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს.