თბილისი (GBC) - ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეხვედრა 18.00 საათიდან მიმდინარეობდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე".
ხაზარაძის განმარტებით, მოლაპარაკება არ დამთავრებულა და არის ტექნიკური საკითხები შესათანხმებელი და დასაზუსტებელი.
"მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ", - თქვა კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
"ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო... ჩემი პოზიცია არის დაფიქსირებული, ის არის ძალიან მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე... ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე", - თქვა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 16 სექტემბერს, "ლელოსა" და "საქართველოსთვის" ლიდერებს წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდა, გახარია და ხაზარაძე დღეს ერთმანეთს პირისპირ დახურულ ფორმატში შეხვდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაინაცვლეს.
სწორედ სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით შედგება ახალი ოპოზიციური ალიანსი, შეთანხმების შემთხვევაში.
არც გახარიასა და არც ხაზარაძეს პირისპირ შეხვედრის დასრულებისა და პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.