თბილისი (GBC) – ავსტრიულმა Raiffeisen Bank International–მა (RBI) აშშ–ის ფინანსთა სამინისტროსგან წერილობითი შეტყობინება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში განხორციელებული საფინანსო ოპერაციების გამო ბანკი შესაძლოა აშშ–ის საფინანსო სისტემიდან ჩაიხსნას. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს გაეცნო. 

აშშ–ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ RBI–ს წერილი 6 მაისს გაუგზავნა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ ბანკის რუსეთში საქმიანობის გამო. წერილში გაკრიტიკებულია $1,5 მლრდ–იანი გარიგების მცდელობა კომპანიასთან (საბოლოოდ გარიგება არ შედგა), რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ოლეგ დერიპასკასთან არის დაკავშირებული. სააგენტოს წყაროს ცნობით, RBI–მა ეს გარიგება მაისის დასაწყისში ჩაშალა.

ბანკის პრეს–მდივანმა კი განაცხადა, რომ RBI–მა კომპანიასთან Strabag გარიგებაზე უარი თქვა.

ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Raiffeisen–მა მნიშვნელოვნად შეამცირა ოპერაციები რუსეთში და მთელ რიგ ზომებს მიმართა, სანქციებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად.