თბილისი (GBC) - ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და ოჯახის საკითხთა მინისტრი კლაუდია ბაუერი, სკეპტიკურად უყურებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, რასაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს. როგორც გამოცემა Financial Times წერს, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ცხრა ქვეყანაა, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები და მოლდოვა.

უკრაინაში ომმა დააჩქარა ეს გაჭიანურებული პროცესი, თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ უკანა პლანზე დარჩება, რადგან კიევის განაცხადი პოლიტიკური მოსაზრებებით უფრო სწრაფად განიხილება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის წინ, ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, დააწესოს უკრაინის გაწევრიანების საბოლოო ვადები და მომავალი წელის შეთავაზება. ბაუერმა FT-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს „არა მხოლოდ ამბიციური, არამედ არარეალისტურიცაა“.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო წესები და პირობები, რომელთა საფუძველზეც ქვეყანა შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს წესები ყველასთვის საერთოა“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

კერძოდ, პოლიტიკოსმა ისაუბრა სხვა კანდიდატებზე, მაგალითად, ჩერნოგორიაზე, რომელმაც მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო და გაწევრიანება 2028 წლისთვის სურს.

„ხედავთ, რა გრძელი გზა გაიარეს მათ. უკრაინის შემთხვევაში მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა, ზოგიერთ სფეროში კი რეფორმების უზარმაზარი საჭიროება არსებობს. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ორმაგ სტანდარტებს; დაჩქარებული პროცედურები ვერ იარსებებს“, - განაცხადა ბაუერმა.

თავის მხრივ, მინისტრმა უნგრეთი გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილებების ბლოკირების გამო.

ცნობილია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კვლავ ადებს ვეტოს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებსა და კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას. ის ამას მილსადენ „დრუჟბათი“ ნავთობის მოწოდების შეფერხებას უკავშირებს. ასევე, ზოგიერთმა ჩინოვნიკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ორბანმა შესაძლოა ვეტო გამოიყენოს, როგორც ბერკეტი თავდაცვის ფონდების განბლოკვის შესახებ ცალკეულ მოლაპარაკებებში.

„ორმხრივ ან შიდაპოლიტიკურ საკითხებს ევროპული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი არ აქვს. უკრაინისთვის სანქციებისა და კრედიტის საკითხები გაცილებით დიდ და მნიშვნელოვან თემებს ეხება“, - განმარტა ბაუერმა.