თბილისი (GBC) - რუსეთის მმართველის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ყველა მიზნისთვის ჯერ არ მიუღწევია, ამიტომ აგრესია გრძელდება. ამავდროულად, რუსეთი თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედს იტოვებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს

კრემლის სპიკერმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას უწოდა „იმ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ“. მისი თქმით, ეს იყო რუსეთის მიერ დაწყებული ომის ძირითადი მიზანი. „მაგრამ მიზნები (რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) სრულად არ არის მიღწეული, ამიტომ "СВО" (სპეციალური სამხედრო ოპერაცია) გრძელდება“, - თქვა მან.

პესკოვმა ამასთანავე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი თითქოს ინარჩუნებს მზაობას მიზნების მისაღწევად „პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით“.

„კვლავ რჩება იმედი, რომ კონფლიქტის (რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) დასრულება მოლაპარაკებებით იქნება შესაძლებელი? ეს იმედი თავიდანვე არ დაგვიკარგავს... ჩვენი პოზიცია კარგად გასაგები და თანმიმდევრულია. ახლა ყველაფერი კიევის რეჟიმის მოქმედებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რადგან რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.

გასულ კვირაში, დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა „სამშვიდობო გეგმების“ შესახებ, რომლებიც ითვალისწინებდა ომის გაყინვას ფრონტის არსებულ ხაზზე და დემილიტარიზებული ზონების შექმნას უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში.

ამავდროულად, რუსეთის მმართველმა ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა დღესასწაულის, 23 თებერვლის აღსანიშნავ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხედრო პოტენციალის მასშტაბურ ზრდას და საზოგადოებას ტოტალური მილიტარიზაციისკენ მოუწოდა.

24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა.