თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაბრუნებლად იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სტამბოლში 2022 წლის გაზაფხულზე შედგა.
„ვართ თუ არა მზად მათთან მოლაპარაკებებისთვის? ჩვენ ამაზე არასოდეს გვითქვამს უარი, მაგრამ არა რაღაც ეფემერული მოთხოვნების პირობებში, არამედ იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც სტამბოლშია შეთანხმებულიც და პრაქტიკულად პარაფირებულიც“, – თქვა პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
მისი თქმით, სტამბოლში შეთანხმდა სამშვიდობო შეთანხმების პრაქტიკულად ყველა შესაძლო პარამეტრი, თუმცა შემდეგ პროცესში დიდი ბრიტანეთი ჩაერია და უკრაინის ხელისუფლება „სხვა გზას დაადგა“.
ამასთან, პუტინმა დასაშვებად მიიჩნია სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის, ინდოეთის ან ბრაზილიის შუამდგომლობა. „მე მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხში და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ ქვეყნების ლიდერები ამ რთული პროცესის ყველა დეტალში გარკვევისთვის დასახმარებლად მზად არიან“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.