თბილისი (GBC) - მიმდინარე წელს უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტში 23 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტი წარმოიქმნა, რის გამოც კიევი რუსეთთან ომის დასაფინანსებლად საჭირო სახსრების სასწრაფოდ მოძიებას ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა აუცილებელია არა მხოლოდ შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად, არამედ სამხედროების ხელფასების გადასახდელად, დაღუპულთა ოჯახების კომპენსაციებისა და 2027 წლის დასაწყისისთვის ჯარის აუცილებელი მარაგებით უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ არ გთხოვთ, იომოთ ჩვენ ნაცვლად. მიეცით უკრაინას ყველაფერი ამ ომის შესაჩერებლად, იმაზე სწრაფად, ვიდრე პუტინი მომდევნოს დაიწყებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელსაც კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი და ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ.
ფინანსური დეფიციტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ წლის მეორე ნახევრისთვის განკუთვნილი ხარჯები პირველ ნახევარში აითვისა, ხოლო ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა უნგრეთის მიერ შექმნილი ბარიერების გამო შეყოვნდა.
POLITICO-სთან საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განმარტა, რომ ათვისებული სახსრებით უკრაინამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და საშუალო რადიუსის დარტყმის დრონები, ასევე გადამჭერები შეიძინა, რაც ახლა წლის მეორე ნახევარში კომპენსირებას საჭიროებს.
ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის 90-მილიარდიანი პაკეტიდან 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი თავდაცვითი შესყიდვები დაამტკიცა, თუმცა ეს თანხა არსებულ საჭიროებებს ვერ ფარავს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლის „ნორმალური დასაწყისისთვის“ დამატებით €6.8-დან €8.5 მილიარდამდეა საჭირო, ხოლო სამხედროების ხელფასებსა და სხვა მიმდინარე ხარჯებს კიდევ €17 მილიარდი სჭირდება.
საერთაშორისო დაფინანსების მიღებას აფერხებს შიდა პოლიტიკური პროცესებიც. უკრაინის უმაღლეს რადაში ამჟამად 24 საკანონმდებლო რეფორმაა შეჩერებული, რომლებზეც დასავლური დახმარების გაცემაა მიბმული. შექმნილი ვითარების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული ფონდებიდან კუთვნილი თანხების მეორე ნაწილის ვადაზე ადრე გამოყოფას ითხოვს.
