თბილისი (GBC) – რუსეთში მცხოვრები ყველა მამაკაცი უნდა მომზადდეს შესაძლო საყოველთაო მობილიზებისთვის დასავლეთის ქვეყნებთან საომრად, რომლებიც 3–4 წელიწადში რუსეთზე თავდასხმისთვის იქნებიან მზად. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალეკსეი ჟურავლიოვმა, რომელიც მანამდე ლიეტუვას ერთ დღეში განადგურებით ემუქრებოდა. 

„ევროპა განგვიმარტავს, რომ 2028–29 წლებში მზად იქნება რუსეთთან საომრად. აქ აუცილებელია მამრობითი სქესის მოსახლეობის მომზადება, რა თქმა უნდა, სამშობლოს დასაცავად. ამაზე ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ თუ ეს მოხდება, ჩვენი ბრალი არ იქნება. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ისინი ამბობენ, რომ აპირებენ ჩვენთან ომს“, – უთხრა ჟურავლიოვმა გამოცემა „აბზაცს“.

მისივე თქმით, დღეს რუსეთში საკმარისი რაოდენობის მოხალისეა, მაგრამ გრძელვადიანი საფრთხეებიც უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც თითქოს დასავლეთიდან მომდინარეობს. ჟურავლიოვმა განმარტა, რომ ამ საფრთხეების მოსაგერიებლად საჭიროა ეფექტიანი სამობილიზაციო რეზერვის შექმნა და სამხედრო კომისარიატების კარგი მუშაობა.

გასულ კვირაში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთის ექსკლავი, კალინინგრადის ოლქი ისტორიულად მცირე ლიეტუვის შემადგენლობაში შედიოდა და ამიტომ იქ ლიეტუვური კულტურა უნდა შენარჩუნდეს. ამის საპასუხოდ ჟურავლიოვმა პროკრემლისტურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მთელი ბალტიისპირეთი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს. მან ლიეტუვის ხელისუფლებას მოუწოდა „მოკეტონ“ და დასძინა, რომ ლიეტუვის არმია მსოფლიოში ყველაზე სუსტია და მისი აზრით, რუსეთთან წინააღმდეგობას ერთ დღესაც ვერ გაუძლებს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ოთხშაბათს ალიანსის წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებთან გამართულ სხდომაზე ბრიუსელში განაცხადა, რომ ბლოკი „სამხედრო აზროვნებაზე“ უნდა გადაერთოს და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მოემზადოს ომისთვის. მანვე განაცხადა, რომ NATO უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის.