თბილისი (GBC) – რუსეთში ახალი ბიზნეს–ჯეტის Airbus A320neo–ს შეტანა შეძლეს, მიუხედავად დასავლური სანქციებისა, რომლებიც ასეთი ტექნიკის რუსეთისთვის მიყიდვას კრძალავს. ამის შესახებ The Insider წერს. თვითმფრინავი ომანის დედაქალაქ მასკატიდან მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში 17 ივნისის ღამით ჩაფრინდა.

ბორტის რეგისტრაციის ცვლილებას ტელეგრამ არხი „საავიაციო ანტრესოლი“ აკვირდებოდა. მისი მონაცემებით, Airbus Corporate Jets–მა ეს თვითმფრინავი, როგორც ბიზნეს–ჯეტი, 2019 წლის ბოლოს გამოუშვა სერიული ნომრით 8774. თავდაპირველად ეს ბორტი სან–მარინოში დარეგისტრირებულ კომპანიას Sorens Aero ეკუთვნოდა, თუმცა 2022 წლის აგვისტოში აზერბაიჯანული SW Business Aviation–ის ბალანსზე გადავიდა, როდესაც თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერი T7-HHH შეიცვალა და გახდა 4K-5555.

აღნიშნული ბორტი 2021 წლიდან არაერთხელ ჩაფრინდა ვნუკოვოში, მანამდე კი მთელი წლის განმავლობაში შვეიცარიულ ბაზელში იდგა, სადაც ბორტი VIP-ინტერიერით აღჭურვეს. FlightRadar–ის მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში თვითმფრინავი თურქეთის კურორტ ბოდრუმში ჩაფრინდა, სადაც 8 თვის განმავლობაში იდგა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ორჯერ იმყოფებოდა ბაქოში და შემდეგ ისევ ბოდრუმში ბრუნდებოდა, საიდანაც 4 ივნისს მასკატში გადაფრინდა და აქ უკვე ტაჯიკური ნომერი EY-565 მიიღო, 10 დღეში კი რეგისტრაცია რუსულით შეცვალა და რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შევიდა ნომრით RA-73889. როსავიაციამ კი ბორტს ფრენისთვის ვარგისობის სერტიფიკატი 14 ივნისს გადასცა.

თვითმფრინავის ახალ მფლობელად მიიჩნევა რუსული ავიაკომპანია „ჩრდილო–დასავლეთი“  (North-West Air Company), რომელიც VIP-გადაყვანებზე მუშაობს. თუმცა, თვითმფრინავის რეალური მფლობელი, შესაძლოა, სულ სხვა პირი იყოს, რომელსაც შეეძლო ასეთი იშვიათი ბორტის შეძენა საკუთარი ავიაპარკისთვის.

ლაინერი, რომლის ფასიც $115 მილიონიდან იწყება, 11,1 ათასი კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა, ბორტზე 25 მგზავრით. მსოფლიოში სულ 10 ერთეული ასეთი ბიზნეს–ჯეტი არსებობს.