თბილისი (GBC) – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) უკრაინისთვის $1,1 მლრდ–ის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ კიევთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სსფ ავრცელებს. ამ შეთანხმებას წინ უძღოდა ბანკის წარმომადგენლების მიერ კიევში ოთხწლიანი პროგრამის რეალიზაციის შემოწმება, რომლის ჯამური მოცულობა $15,6 მლრდ–ს შეადგენს.
„უკრაინამ ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი შეასრულა“, – განაცხადა უკრაინაში სსფ–ის მისიის ხელმძღვანელმა ჰევინ გრეიმ უკრაინის მთავრობასთან 4–10 სექტემბრის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. ამ მოლაპარაკებებს „რთული და ძნელი“ უწოდა უკრაინის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიგალმა.
ამ ეტაპზე უკრაინისთვის $1,1 მლრდ–ის ტრანშის გამოყოფა სამუშაო ჯგუფების დონეზეა შეთანხმებული. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოესი კვირების განმავლობაში სსფ–ის დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს.