თბილისი (GBC) – რუსეთის სტრატეგიულ სამხედრო ავიაბაზებზე უკრაინის მიერ მიტანილი უპრეცედენტო იერიშის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დავარდა.

კვირის ვაჭრობებზე რუსულმა გიგანტმა სბერმა 2,3% დაკარგა, გაზპრომმა – 3,1%, ვითიბიმ – 2,3%, ნოსნეფტმა – 1,9%.

უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებზე მურმანსკში, რიაზანში, ირკუტსკში და ივანოვოში კვირას მიიტანა იერიში. დღეს, ორშაბათს, რუსულ–უკრაინული მოლაპარაკებები სტამბოლში უნდა გაიმართოს. ამ ფონზე ინვესტორები ნერვიულობენ მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლის ან უშედეგოდ დასრულების გამო.

უკრაინულმა დარტყმებმა ასევე გაზარდა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რას იზამს რუსეთის ცენტრალური ბანკი 6 ივნისის სხდომაზე: რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა, რასაც მანამდე ბაზარი ელოდა, ნაკლებად სავარაუდოა.

BBC News–ის წყარო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კვირას განხორციელებული უპრეცედენტო ოპერაცია წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. უკრაინის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 40 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, მათ შორის А-50, Ту-95 и Ту-22 М.