თბილისი (GBC) – NATO-ს წევრი თურქეთი 2023 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ანექსირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული ნახშირის უმსხვილესი იმპორტიორია და მხოლოდ წელს $14,3 მლნ–ის ნედლეული აქვს შეძენილი. ამას რუსეთის საბაჟოს მონაცემები მოწმობს, რომლებიც სააგენტო Reuters–მა შეისწავლა.

სააგენტოს ცნობით, თებერვალ–ივლისის პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან თურქეთში 160,4 ტონა ნახშირი შეიტანეს. საბაჟო დოკუმენტაციაში მოყვანილი ათი მწარმოებლიდან სააგენტოს სამმა დაუდასტურა, რომ ამ ორი რეგიონიდან თურქეთში ნახშირი გადაიტანეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული შახტებიდან ექსპორტირებული ნახშირის 95% სწორედ თურქეთზე მოდის.

ნახშირს ჰონკონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ოფშორულ იურისდიქციებში დარეგისტრირებული კომპანიები ყიდულობდნენ. ამ ორგანიზაციების საბოლოო ბენეფიციარები Reuters–მა ვერ დაადგინა.

2022 წლის საბაჟო დოკუმენტაციაში უკრაინაში ანექსირებული ამ ტერიტორიებიდან ნახშირის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდების შესახებ ინფორმაცია Reuters–მა ვერ აღმოაჩინა.

უკრაინის ხელისუფლებას და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Reuters–მა რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუმცა უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურიდან კი სააგენტოს უპასუხეს, რომ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გასაჯაროება 2022 წლის თებერვლიდან შეაჩერეს.