თბილისი (GBC) - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიული დათმობებია საჭირო. Bloomberg-ის ცნობით, ჯეი დი ვენსმა ამის შესახებ ინდოეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვენსის თქმით, აშშ უკრაინაში ომის შეჩერებისთვის „ძალიან მკაფიო წინადადებებით გამოვიდა და ახლა დადგა დრო, რუსეთმა და უკრაინამ ან თქვან „დიახ“, ან აშშ გავიდეს ამ პროცესიდან“.

„საბოლოოდ, კონფლიქტში ახალი ხაზები გაივლება არსებული ფრონტის ხაზებზე ან სადღაც მათთან სიახლოვეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ „როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ამჟამად მათ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ნაწილის დათმობა მოუწევთ“.

„აუცილებელი იქნება ტერიტორიის ნაწილის გაცვლა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა და დასძინა, რომ „მკვლელობის შესაჩერებლად ორივე მხარემ უნდა დაყაროს იარაღი, გაყინოს ეს ყველაფერი და გააგრძელოს უკეთესი რუსეთისა და უკეთესი უკრაინის მშენებლობა“.

18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება დატოვოს უკრაინაში ომის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის კონფლიქტის დასრულებას.

დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან სურთ უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულება.

„თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მხარე ამის [ომის დასრულების] გაკეთებას ძალიან გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, იდიოტები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ“. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. მაგრამ, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას.