თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში კანაფის სამედიცინო დანიშნულებით ლეგალურად გამოყენების კანონს ხელი მოაწერა. კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 6 თვეში, ივლისის შუა რიცხვებიდან შევა.

კანონის თანახმად, სამედიცინო კანაფი თავისუფლად არ გაიყიდება – მისი რეალიზაცია მხოლოდ ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე მოხდება. მწარმოებლები კი მხოლოდ იურიდიული პირები იქნებიან, რომლებსაც სპეციალური ლიცენზია და სერტიფიკატი ექნებათ. მათთვის სავალდებულო იქნება თითოეული მცენარის, პარტიის და შეფუთვის მარკირება. წარმოება–გაყიდვის შესახებ ყველა მონაცემი მწარმოებელმა აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს.

ახალი კანონი პირდაპირ კრძალავს რეკრეაციულ კანაფს, რომელსაც სიამოვნების მიღების მიზნით მოიხმარენ.

უკრაინაში კანაფის ლეგალიზაციაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ დაფიქრდნენ. სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის მიზნებს შორისაა ომის შედეგად მიღებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა.

უკრაინის რადას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ რადუცკიმ განაცხადა, რომ სამედიცინო კანაფით მკურნალობას დაახლოებით 7 მლნ უკრაინელი საჭიროებს. ესენი არიან სამხედროები პოსტტრავმული სტრესული აშლილობით და ასევე სამოქალაქო პირები მსგავსი სიმპტომებით.

კანონპროექტის ინიციატორი იყო მმართველი პარტია „ხალხის მსახური“. თავად ზელენსკი არაერთხელ გამოსულა ინიციატივით მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რათა უკრაინელებმა „ტკივილის, სტრესის და ომის ტრავმების გადატანა შეძლონ“.