თბილისი (GBC) - მიმდინარე წელს აბიტურიენტებს საგანმანათლებლო არჩევანის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ. განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადებით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პარალელურად, აბიტურიენტებს შეეძლებათ დამატებით სამი პროფესიული კოლეჯი და პროგრამა მონიშნონ.
გაბისონიამ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.
„არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით. ბუნებრივია, იმ უნივერსიტეტსა და პროგრამას, რომელიც არ არსებობს, ვერ შემოხაზავს“, - განაცხადა გაბისონიამ.
მისივე განმარტებით, ახალი მიდგომის მიზანია, აბიტურიენტები იმ შემთხვევისთვის დაიზღვიონ, თუ ისინი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდებიან.
„ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, სამი სავალდებულო წესით, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამებიც შემოხაზოს, რათა უმაღლესში ვერ მოხვედრის შემთხვევაში არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის მიღმა“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.