თბილისი (GBC) - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის მოწმობებსა და მართვის მოწმობებს. დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებსა და შუამავლებს საფოსტო გზავნილების მეშვეობით აწვდიდა.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური აპარატურა, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით ცარიელი პლასტიკური ბარათი და გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები. ამასთან, „საქართველოს ფოსტის“ განყოფილებიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებული წესით გასაგზავნი ამანათები, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას შეიცავდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსის კონტრტერორისტული ცენტრი აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს სხვა შესაძლო თანამონაწილეების გამოსავლენად.