თბილისი (GBC) – „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები, რომლებიც 1 მაისიდან ვენახების გაშენებაზე სპეციალური თანხმობის გაცემას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს ქართული ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებასა და გლობალურ ბაზარზე მისი ხარისხობრივი უპირატესობის შენარჩუნებას. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი პროდუქტი მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულისგან იწარმოებოდეს, რაც ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას აუცილებელს ხდის.

„ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას. იმისათვის, რომ გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, - აღნიშნა ვაჭარაძემ.

ვის შეეხება ახალი წესები?

სააგენტო ხაზგასმით განმარტავს, რომ რეგულაცია მხოლოდ სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობაზე ვრცელდება და არ ზღუდავს ფიზიკურ პირებს.

  • სამეწარმეო ვენახი: 1 მაისიდან კომერციული მიზნით ვენახის გაშენება ან აღდგენა-განახლება მხოლოდ სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი (რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებიც ვენახს საკუთარი მოხმარებისთვის აშენებენ).
  • მომსახურების საფასური: ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.

ზურაბ ვაჭარაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრება მსოფლიო ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამაც განაპირობა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარება მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც მწარმოებლებს შორის კონკურენციას ამწვავებს.

„ჭარბწარმოების ფონზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა“, - დასძინა მან.

სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 500 ჰექტარი ახალი ვენახი შენდება. არსებული ტემპის გათვალისწინებით, ახალი რეგულაცია წელიწადში საშუალოდ 100-მდე პირს შეეხება.

სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ეტაპებს, როგორიცაა ჯიშებისა და საძირეების შერჩევა, ნიადაგის მომზადება და აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც საბოლოო ჯამში ვენახის მაღალ პროდუქტიულობასა და ხარისხს უზრუნველყოფს.

5 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ (TI) იმ დროს უკვე პარლამენტში წარდგენილი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალ კანონპროექტი კორუფციული რისკების შემცველად და მცირე მეწარმეებისთვის დამაზიანებლად შეაფასა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ვენახის გაშენებაზე სავალდებულო ნებართვის შემოღებასა და საოჯახო მარნებისთვის ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს „გაუმჭვირვალე ძალაუფლებას“ ანიჭებს და ბაზარზე მცირე მოთამაშეების შევიწროების საფრთხეს ქმნის.

"კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება", - წერდა TI.