თბილისი (GBC) - კოსოვოს პარლამენტმა სამშაბათს პრეზიდენტი ვერ აირჩია, რამაც, ახალი არჩევნების დანიშვნა განაპირობა. POLITICO-ს ინფორმაციით, ჩავარდნილი კენჭისყრა პრემიერ ალბინ კურტის პარტიასა და ოპოზიციას შორის გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის კულმინაციაა, რამაც ქვეყანა მმართველობის კრიზისის ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ, კოსოვოს მთავრობა მარტში დაითხოვა მას შემდეგ, რაც შემცვლელის მოძებნა ვერ მოხერხდა, რადგან პრემიერ-მინისტრმა მის კანდიდატურას მეორე ვადით მხარი არ დაუჭირა.

კურტიმ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა: „მათ გააზრებული აქვთ, რომ არჩევნები გამოსავალი არ არის. მათ არც პასუხისმგებლობა სურთ და არც ძალაუფლება - მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ ის მე მქონდეს. თუმცა, ამას კოსოვოს ხალხი გადაწყვეტს“.

კოსოვოელები ახალ მთავრობას მომდევნო 45 დღის განმავლობაში აირჩევენ.

ეს ერთ წელზე ოდნავ მეტ ხანში უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებია - კოსოვოს არასტაბილურობა კი სულ უფრო მეტად აფერხებს მის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და უშლის ხელს სერბეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, წერს POLITICO (კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა).

ქვეყანამ ბლოკში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანა, თუმცა კანდიდატის სტატუსი ჯერ არ მიუღია. სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ევროკავშირის შუამავლობით სერბეთთან მიმდინარე დიალოგზე და იმაზე, აღიარებს თუ არა წევრი ყველა ქვეყანა კოსოვოს სუვერენულ სახელმწიფოდ.

კვიპროსი, ესპანეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და საბერძნეთი ამჟამად კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.