თბილისი (GBC) – „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს, 25 იანვარს, რიყის პარკში, კერძოდ კი „რიყის დოქებთან“ მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. მედიის თქმით, მე-8 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისი მერია გამოეხმაურა და "სიცრუე" უწოდა. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.

უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს", - ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რიყის დოქები 2022 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პრორუსმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა იყიდა. უფრო ზუსტად კი რიყის დოქებისთვის გამოცხადებულ აუქციონში კომპანია Global Victory Trust-მა გაიმარჯვა. მისი აქციონერია კომპანია გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია დავით ხიდაშელი