თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი თამბაქოს ნაწარმს ავტომანქანებში მალავდა და მის საცალო რეალიზაციას ქალაქ ბათუმში, „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი წარსულში არაერთხელ არის მხილებული მსგავს უკანონო საქმიანობაში. ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე საქმეზე არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბრალდებულისა და სხვა პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს, რა დროსაც მათ თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.