თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2024-2025 წლების I კვარტალებში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.
2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საქსტატის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების 82.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13%-იანი წილით. ვ
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5%-ს შეადგენდა.
2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.50 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.45 ღამე) 0.8%-ით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 85.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ამასთან, 2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 1 998.3 ლარი შეადგინა.