თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.3 მილიონით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2Q26-ში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1%, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56%-ს შეადგენდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2% თბილისის მაცხოვრებელია, 16.3% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2Q26-ში ვიზიტების უმრავლესობა (52.6%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა ₾300.7 მლნ-ით, რაც 7.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6%-ით და 177 ლარს გაუტოლდა
