თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.8%-იანი მატება.

2026 წლის ივლისთან შედარებით ფასები 4.6%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.34 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.2%), რამაც -0.15 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 6.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.67 პ.პ.- შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 12–თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.34 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (22.9%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.02 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.7%) და ძირითად ლითონებზე (10.1%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.28 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.3%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პ.პ.-ით იქონია გავლენა.