თბილისი (GBC) - საქსტატის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 254.2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 2%-ით.
ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (38.3%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22.9%), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (16.2%), სხვა სახის მომსახურების (7.4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (3.8%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3%), ასევე მშენებლობის (2.6%) სექტორის ორგანიზაციებზე.
2022 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 5.4-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორში. ზრდის ტენდენციები გამოვლინდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში (43.6%), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (42.1%), სხვა სახის მომსახურების (27.2%), საფინანსო და სადაზღვევო სექტორში (24.3%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (3.6%), განათლების (2.3%), ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში (0.5%).
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის დეკლარირებული მონაცემებით, პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2 346.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (27.7%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (18.3%), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (14.2%), განათლების (13.9%%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (11.7%), ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (5%) სექტორები.
2023 წელს არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 60.0 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 52.9% ქალია, ხოლო 47.1% კაცი.
აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 8.8 პროცენტითაა გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 27%– განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 24.3% - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის ორგანიზაციებზე, 13.6%- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, 13.3% - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორზე, ხოლო დარჩენილი 21.8% სხვა სექტორებზე ნაწილდება.
2023 წელს დასაქმებულთაგან დაქირავებული იყო 59.7 ათასი კაცი. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 10.2 პროცენტითაა გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.
არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.
არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან.
არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.