თბილისი (GBC) - საქსტატის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან ₾281.2 მლნ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 10.6%-ით მეტია.
ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (33.2%), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (29.7%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (15.8%), სხვა სახის მომსახურებაზე (7.7%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (4.9%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4.2%), ასევე ტრანსპორტი და დასაწყობების (1.4%) სექტორის ორგანიზაციებზე.
2023 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 4.1-ჯერ გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის და 2.0-ჯერ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების სექტორებში. ზრდის ტენდენციები გამოვლინდა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (78.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების (74.5%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორში (31.6%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (22.3%), სხვა სახის მომსახურების (15%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (9.3%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (0.8%) სექტორებში.
2024 წლის დეკლარირებული მონაცემებით, პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2 720.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 15.9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (25.4%), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (22.1%), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების (16.5%), განათლების (14.6%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (6.4%) და წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის (5.3%) სექტორები.
2024 წელს არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 62.5 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 51.9%ქალია, ოლო 48.1% კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 4.2%-ითაა გაზრდილი.
დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 24.8% – განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 24.8% მოდის აგრეთვე - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის ორგანიზაციებზე, 13.9% - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორზე, 12.7% - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ხოლო დარჩენილი 23.8% სხვა სექტორებზე ნაწილდება.
2024 წელს დასაქმებულთაგან დაქირავებული იყო 62.1 ათასი კაცი. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 4.1%-ითაა გაზრდილი 2023 წელთან შედარებით.
არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.
არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.