თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.8%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პ.პ.-ით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.1%), თევზეული (1.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.8%), პური და პურპროდუქტები (0.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე (1.5%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.1%), ისე ფეხსაცმლის (-1.9%) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (15.3%), ზეთი და ცხიმი (14.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.1%), რძე, ყველი და კვერცხი (11.8%), თევზეული (10.8%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2%), პური და პურპროდუქტები (9.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პ.პ.- შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3%).