თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8%-ით (215 777 კაცი) მეტია. 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5%), ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 474 137 კაცი (37.5%).

საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7% (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4% (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა - ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პ.პ.-ით გაიზარდა და 62.5%-ს გაუტოლდა.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1%-ით (222 768 კაცი) აღემატება.

2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7%) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2%).

საქსტატის მონაცემებით, დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში - 9.7% და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7.6%. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8%), კახეთში (4.6%) და იმერეთში (4.3%).

2014 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 54.2%-ით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8%), ლენტეხისა (17.5%) და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (11%). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქუთაისსა (9%) და რუსთავში (5.6%).

2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხულოს (29.9%) და შუახევის (26.2%) მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ცაგერის (18.2%), წყალტუბოს (15.1%) და ტყიბულის (14.9%) მუნიციპალიტეტებში. 

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47.9%-ს კაცები შეადგენენ (1 881 004), ხოლო 52.1%-ს - ქალები (2 048 577).

2014 წელთან შედარებით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 3.3 პ.პ.-ით გაიზარდა და 17.6% შეადგინა (692 700 კაცი). 0–14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 1 პ.პ.-ით გაიზარდა და 19.6% შეადგინა (770 823 კაცი). 15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 4.3 პუნქტით შემცირდა და 62.8% შეადგინა (2 466 058 კაცი).

მოქალაქეობა

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2%-დან 96.1%-მდე შემცირდა. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 კაცი შეადგინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირველ ხუთეულს წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის (37 715 კაცი), ინდოეთის (23 925 კაცი), უკრაინის (11 542 კაცი), აზერბაიჯანის (8 309 კაცი) და სომხეთის (5 381 კაცი) მოქალაქეები.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 3 304 075 კაცი შეადგინა. თუმცა, მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი 86.8%-დან 84.1%-მდე შემცირდა. მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს 268 832 კაცით (6.8%) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომელთა რიცხოვნობა 15.4%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე ჯგუფს 169 296 კაცით (4.3%) ეროვნებით სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0.7%-ითაა გაზრდილი.

ეროვნებით რუსი მოსახლეობის რაოდენობა აღწერათაშორის პერიოდში 60.8%-ით გაიზარდა და 42 545 კაცი შეადგინა. ინდოელი ეროვნების მოსახლეობა 446 კაციდან 23 996 კაცამდე გაიზარდა. უკრაინელთა რიცხოვნობა 139.4%-ით გაიზარდა და 14 443 კაცი შეადგინა. არაბი ეროვნების მოსახლეობა 609 კაციდან 12 533 კაცამდე, ბელარუსელთა რიცხოვნობა 431 კაციდან 4 558 კაცამდე, ხოლო ირანელთა რიცხოვნობა 217 კაციდან 4 304 კაცამდე გაიზარდა.

აფხაზი ეროვნების მოსახლეობა 5%-ით გაიზარდა და 907 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში ოსი ეროვნების მოსახლეობა 12.3%-ით შემცირდა და 12 611 შეადგინა, ხოლო იეზიდთა რაოდენობა 7%-ითაა შემცირებული და 11 324 კაცი შეადგინა.

აღმსარებლობა

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 82%-ს (3 223 206 კაცი) მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1%-ით მეტია. თუმცა, აღწერათაშორის პერიოდში, მთლიან მოსახლეობაში მათი წილი 83.4%-დან 82%-მდე შემცირდა.

მუსლიმური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვმა 437 458 შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 11.1%), რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.7%-ით აღემატება. სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევართა რაოდენობა 6.7%-ით შემცირდა და 101 736 კაცი შეადგინა. კათოლიკური სარწმუნოების მიმდევართა რიცხვი თითქმის უცვლელია, ხოლო იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა და 10 787 კაცი შეადგინა.

მშობლიური ენა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85.1 პროცენტისთვის (3 343 987 კაცი) მშობლიური ენა ქართულია. 2014 წელთან შედარებით, ქართულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 2.7%-ით გაიზარდა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში 87.6%-დან 85.1%-მდე შემცირდა.

მშობლიური ენის მიხედვით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ენა - მას მშობლიურ ენად 265 534 ადამიანი (6.8%) მიიჩნევს. 2014 წელთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 14.7%-ით გაიზარდა. სომხური ენა მშობლიურად 139 438 ადამიანს (3.5%) აქვს მითითებული, რაც წინა აღწერით მიღებულ მონაცემებს 3.7%-ით ჩამორჩება.

ამავე პერიოდში, რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. ოსური ენა მშობლიურ ენად მიუთითა 3 839 კაცმა, რაც წინა, 2014 წლის აღწერის შესაბამის მონაცემებზე 32.6%-ით ნაკლებია. 370 კაცისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს აფხაზური, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (272 კაცი) შედარებით 36%-ით მეტია.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საქსტატის მტკიცებით, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაექვემდებარა ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება, მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.