თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 479.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა, რაც 25.3%-ით ნაკლებია 2014 წლის აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ან ჰყავდათ პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მათმა რაოდენობამ 2.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.

სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობი 176 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც 60.6%-ით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.

2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. მეურნეობების სარგებლობაში არსებული სახნავის ფართობი 325.2 ათასი ჰექტარით განისაზღვრა, რაც 2014 წელთან შედარებით 13.8%-ით ნაკლებია, ხოლო სათიბებისა და საძოვრების ფართობმა 305.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს (300 ათასი ჰექტარი) 1.9%-ით აღემატება. რაც შეეხება მიწის დამატებით ცალკეულ კატეგორიებს, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული დაუმუშავებელი მიწის ფართობმა 116.9 ათასი ჰექტარი, შენობა-ნაგებობებით და ეზოებით დაკავებული მიწის ფართობმა 46.3 ათასი ჰექტარი, ხოლო სათბურების ფართობმა 2.3 ათასი ჰექტარი შეადგინა.

2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სასოფლო მეურნეობათა სარგებლობაში არსებული ვაზის ძირთა რაოდენობამ 164.7 მლნ. შეადგინა, საიდანაც 96.4% ნაყოფის მომცემი იყო.

2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობების სარგებლობაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 841 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2014 წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. ფურის რაოდენობამ 2024 წელს 412.5 ათასი სული შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 18.3%-ითაა შემცირებული. 2014 წელთან შედარებით 25.4%-ით შემცირდა ცხვრის რაოდენობაც - 944 ათასი სულიდან 704.4 ათას სულამდე. შემცირებულია ასევე კამეჩის სულადობა 22.8%-ით, ხოლო ღორის სულადობა 12%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, აღწერის შედეგების მიხედვით ფრინველის რაოდენობა 18.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს სასოფლო მეურნეობათა სარგებლობაში იყო 191.5 ათასი ფუტკრის ოჯახი (სკა), რაც 27.6 ათასით (16.9%) აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს.