თბილისი (GBC) - საქსტატმა საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის ძირითადი მაჩვენებელი 2025 წელს გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებში მითითებულ რიცხვს 0,4%–ით აღემატება. 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარებულმა აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.

საქსტატი აღნიშნავს, რომ აღწერის წინასწარი შედეგები, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო-სასოფლო ტიპის დასახლების და სქესის მიხედვით, გამოქვეყნდა 2025 წლის ივნისის ბოლოს.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით.

საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577) ქალია, ხოლო 48% (1 881 004) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში  ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38% (1 487 350 კაცი).

რეგიონების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით. საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24%-ს.

ამასთან, საქსტატის მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 (7.6%), 10-14 (7.4%) და 30-34  (7.2%) ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11%.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია მოსახლეობის განაწილება რეგიონების მიხედვით: