თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 737.3 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 607.5 ათასი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2022-2023 წლების IV კვარტალებში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების გასვლებისა და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 374.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.9 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (37.6 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 258.7 ათასი და 98.5 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
2023 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.6 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 10.0 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2023 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 557.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.8 პროცენტით შემცირდა და 918.3 ლარი შეადგინა.