თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 3Q25-ში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1,37 მილიონით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1,74 მლნ ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.7%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
3Q25-ში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 799.9 ათასით განისაზღვრა, რაც 6.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.3%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.8%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.7% თბილისის მცხოვრებია, 15.4% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6% — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 352.3 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 307 ათასი ვიზიტი თვეში).
3Q25-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა ₾399.5 მლნ-ით, რაც 2.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.9%-ით და ₾229.1-ს გაუტოლდა.