თბილისი (GBC) - ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს, რომ 2013 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ქართული ღვინის იმპორტი $0,8 მლნ-დან $5,2 მლნ-მდე გაზარდა. ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს ქართული ღვინის იმპორტმა აშშ-ს ღვინის მთელი იმპორტის 0,078% შეადგინა, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 0,016%-ს შეადგენდა.
ხაზგასასმელია, რომ 2022 წელს, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტმა შეადგინა $5.4 მლნ, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით, $0.2 მლნ-ით შემცირდა და $5.2 მლნ შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტის მოცულობა 1997 წლიდან, 2023 წლამდე:
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან აშშ-ში სულ $5 612 340 მლნ-ის ღირებულების ღვინო გავიდა.
2024 წლის მე-2 კვარტალში აშშ-ის ბაზარზე $2 794 680 მლნ-ის ქართული ღვინო მოხვდა. ეს მაჩვენებელი, $1 261 900 მლნ-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, როდესაც აშშ-ის ბაზარზე $1 532 789 მლნ-ის ღირებულების ღვინო შევიდა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი საანგარიშო პერიოდში 82.3%–ით არის გაზრდილი.
wine industry advisor 27 აგვისტოს წერდა, რომ ნიუ-იორკში, მეორე ყოველწლიური დეგუსტაცია და მასტერკლასი დაიგეგმა, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება. ეს ღონისძიება, რომელიც 2024 წლის პროგრამის სერიის ყველაზე მასშტაბური აქტივობაა, მიზნად ისახავს ნიუ-იორკში ღვინის სფეროს წარმომადგენლებისა და მედიისთვის ქართული ღვინის გაცნობას დეგუსტაციებისა და საგანმანათლებლო მასტერკლასების საშუალებით.
"ამერიკის ღვინის ბაზარი რჩება სტრატეგიულ მიმართულებად საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები ინდუსტრიასთან და მედიასთან, რათა გავზარდოთ ქართული ღვინის ცნობადობა და ვაჩვენოთ მისი მრავალფეროვნება", - ვკითხულობთ wine industry advisor-ის სტატიაში.
ამასთან, მიმდინარე წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ქართული ღვინო 50-ზე მეტი მარნიდან, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, შეისწავლონ ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, დაწყებული ტრადიციული ტექნოლოგიებით, თანამედროვე მეთოდებით დამთავრებული, მათ შორის წითელი, თეთრი, ქარვისფერი, ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოები.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი საქართველოში რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. ხოლო, თუ როგორ აითვისებენ ქართველი მეღვინეები არსებულ და ახალ საექსპორტო ბაზრებს, ეს ყურძნისა და ღვინის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.