თბილისი (GBC) – ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი 6 ნოემბერს X-ზე წერს, რომ "ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი საფრთხეს უქმნის „შუა დერეფნის“ მინერალებზე აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას, გადასცემს რა თავის პორტს ჩინეთის კომუნისტური პარტიას და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის".
„მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კრიტიკული მინერალური მარაგების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების მოხსნისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მძვინვარე რეჟიმი საფრთხეს უქმნის „შუა დერეფნის“ მინერალებზე აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას, გადასცემს რა თავის პორტს ჩინეთის კომუნისტური პარტიას და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.
Grateful for the administration’s leadership to diversify critical mineral supply & remove outdated barriers. Sadly, rabid anti-American Georgian Dream regime threatens 🇺🇸 port & land access to Middle Corridor minerals, giving its port to the CCP and kicking out reputable… https://t.co/M42rHRjicV
— Joe Wilson (@RepJoeWilson) November 6, 2025
მისი მტკიცებით, ჩინეთის ინფრასტრუქტურით მართული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო მარშრუტები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას.
ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ხუთი მთავრობის ლიდერს C5+1-ის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციაზე უმასპინძლა.
მისი ინფორმაციით, განიხილეს ახალი ინვესტიციები და სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და ექსპორტის შესაძლებლობებს ამერიკული კომპანიებისთვის და გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას.
„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამყარებს პარტნიორობას, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს და ხელს უწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს სახელმწიფო მდივანი.
5 ნოემბერს, ამერიკელმა კონგრესმენებბა რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პარტიებიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მარკო რუბიოს, მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების „ანტიამერიკული ქმედებებისგან“.
მარკო რუბიოსადმი მიწერილ წერილს ხელს აწერენ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯონ კურტისი, ევროპაში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე სენატის კომისიის წევრი შელდონ უაიტჰაუსი, ასევე კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი.
„საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, არაერთხელ გამოთქვა სურვილი აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა მათი მუდმივი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს“, – ნათქვამია წერილში.
სენატორები მარკო რუბიოს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი ბერკეტები და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ყოფილი თანამშრომლები და სხვა ამერიკული სტრუქტურების ყოფილი პერსონალი აღარ გახდებიან მიზანმიმართული თავდასხმებისა და ცილისწამების ობიექტი.
კონგრესმენები წერილში საუბრობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა „გადახდების უზრუნველყოფით“ საქართველოში „რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში“ დაადანაშაულა.
„მსგავსი მცდარი დახასიათება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის სახელით მუშაობდნენ. ასეთი განცხადებები ცხადყოფს, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოხატა სერიოზული განზრახვა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით“, – ნათქვამია წერილში.
კონგრესმენები ასევე მიესალმებიან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 6 ოქტომბერს შეხვედრა მოეთხოვათ აშშ-ში საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან. ისინი მოუწოდებენ სახდეპს, მოითხოვოს პარტია „ქართული ოცნებისგან“ აღნიშნული „საშიში განცხადებების ოფიციალურად და საჯაროდ უარყოფა“.
„მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უპასუხოს ამ ნარატივს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის თანამშრომლებს საქართველოში და ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს სხვა უცხო ქვეყნის მთავრობებისთვისაც. ორმხრივი ურთიერთობების პროდუქტიულად განვითარება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, თუმცა FSN-ები და აშშ-ის ყოფილი პარტნიორები არ უნდა იქცნენ პოლიტიკურ იარაღად.
თუ ჩვენ არ დავიცავთ მათ უცხო ქვეყნის მთავრობის თავდასხმებისგან, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩვენს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ კვალიფიციური თანამშრომლები და განვახორციელოთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს მასშტაბით“, – ვკითხულობთ წერილში.
სენატორების თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად და საჯაროდ უპასუხოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც აშშ-ის სახელით მომუშავე პერსონალის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად