თბილისი (GBC) – ქართული თეატრის სცენას კიდევ ერთი გამორჩეული წარმოდგენა სახელად  „სახლი აგვისტოს მზეზე" შეემატა. სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორს ნიკა ჩიკვაიძეს ეკუთვნის, რომელიც მან „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე მიმდინარე წელს დადგა. მან ცნობილი ამერიკული პიესა "აგვისტო-ოსეიჯის საგრაფოს" ქართული ვარიანტი შექმნა და ჩვენს ყოველდღიურობაში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებს ისე ოსტატურად მოარგო, რომ სპექტაკლის მნახველს გულგრილს ვერ დატოვებს. პიესა ცნობილ ამერიკელ დრამატურგს ტრეისი ლეტს ეკუთვნის,  2008 წელს მწერალს  პულიცერის პრემია მიანიჭეს (უმაღლესი ჯილდო ლიტერატურაში, მუსიკასა და ჟურნალისტიკაში), ასევე ამავე წელს დაიმსახურა ტონი პრემია საუკეთესო პიესისთვის.

ოჯახი, როგორც მთავარი ღირებულება ადამიანის ცხოვრებაში, უდიდეს როლს ასრულებს პიროვნულ განვითარებაში და ამის დასტურია მთელი ეს სპექტაკლიც.

მოქმედება ოქროყანაში, ერთ ქართულ ოჯახში ხდება, სადაც ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი მიზნით იკრიბებიან – დაკარგული მამის გამო, რომელიც სცენაზე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ თითქოს მამოძრავებელი ღერძია მთლიანი სპექტაკლის.

ღალატი, ტყუილი, ეზოიზმი, გაუცხოება, მარტოობის შიში, ბავშვობის ტრავმები, ნარკოდამოკიდებულება, ინცესტი. ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ნაწარმოებშია თავმოყრილი. ოჯახი გვიყვება კომპლექსურ ამბავს დედაშვილობაზე, ცოლქმრობაზე, მეგობრობაზე, მორალზე და უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებზე. პიესის ერთ-ერთი მთავარი ძაბვაა ჭიდილი სიმართლესა და სიცრუეს შორის, ოჯახი ტყუილებზეა აშენებული, რაც საბოლოოდ მისი ნგრევის მიზეზი ხდება. რეჟისორს ზემოხსენებული ისე ოსტატურად აქვს გადმოცემული, რომ მაყურებელში სხვადასხვა ტიპის ემოციას იწვევს. ტრაგიკომედია მაყურებელს აღრეულ შეგრძნებებს უტოვებს, დრამატულ სცენას მომენტალურად კომიკური ანაცვლებს და პირიქით, რაც მაყურებელს კონკრეტულ სტერეოტიპულ შეხედულებას არ უტოვებს ამა თუ იმ ფაქტისა თუ მსახიობის მიმართ, არამედ, გვაძლევს საშუალებას, გავაანალიზოთ ესა თუ ის მოქმედება და შევიქმნათ ჩვენი, საკუთარი, სუბიექტური დამოკიდებულება.

სცენარს რომ მივუბრუნდეთ, მალევე ირკვევა, რომ ოჯახის მამა გარდაცვლილია, ოჯახის წევრებს კი გარკვეული დროის გატარება უწევთ იმ ჯოჯოხეთურ ყოფაში, რასაც ისინი თავის დროზე გაექცნენ. ავადმყოფი, დაქვრივებული დედა სამი რადიკალურად განსხვავებული ქალიშვილით, დედას პირის ღრუს კიბოს დიაგნოზი აქვს და ნარკოდამოკიდებულია, მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი შემორჩა გვერდით, რომელიც უვლის, მაგრამ თავისი დების მსგავსად ირკვევა, რომ მასაც გადაწყვეტილი აქვს სახლიდან წასვლა. გაუცხოების თემა დებს შორის საკმაოდ შესამჩნევია, ისინი მუდმივ ბრძოლებში, ჩხუბში არიან როგორც ერთმანეთთან, ასევე დედასთან.

დედის როლში გენიალური მსახიობი  ნინელი ჭანკვეტაძეა, ჯუნას პერსონაჟით, რომელიც გასაოცარი სამსახიობო ოსტატობით აღაფრთოვანებს მაყურებელს. სპექტაკლში გამოკვეთილია ქალის როლი და მისი მნიშვნელობა ოჯახში, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოჯახის ნგრევის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯუნა ნარკოდამოკიდებული, დეპრესიული ქალია, რომელსაც მისივე დედისგან იგივე გამოცდილება აქვს, რა მიდგომებსაც ის თავის შვილებთან ურთიერთობაში იყენებს. დიდი ალბათობით, რეჟისორს იმის თქმა სურს, რომ ყოველი მოძალადე ყოფილი მსხვერპლია. ჯუნას პერსონაჟი აღნიშნავს იმას, თუ როგორ სიმკაცრესა და უსიყვარულობაში იზრდებოდა.  ოჯახური ნეგატიური გამოცდილება დაუსრულებელი ციკლია, რომელიც წრეზე ტრიალებს და მომავალ თაობებს საკუთარი გამოცდილების ნიადაგზე ანადგურებს. აქვე აღსანიშნავია ჯუნას უფროსი ქალიშვილის მარიამის თავისივე შვილთან ურთიერთობაც, რომელიც თითქოს იმავე სცენარს იმეორებს.

რა არის ოჯახური ბედნიერება? სიყვარული, მორალი, ეთიკა ? ემსგავსება თუ არა ადამიანი ცხოველს ინსტინქტურ დონეზე. სცენარში შემთხვევითი არაფერია და ყველა დეტალს თავისი დატვირთვა აქვს. სპექტაკლის დასაწყისში ერთ-ერთი მსახიობი სავარძელში ჩამჯდარი ტელევიზორში ველურ ბუნებას, ცხოველებს უყურებს, რაც შეიძლება ამ სპექტაკლის გმირებთანაც გავაიგივოთ.

აღსანიშნავია ოჯახური სადილობის სცენა, სადაც დედა თავის შვილებს თავს ესხმის. ეს სცენა გარკვეულწილად წარმოადგენს სიმართლის გამჟღავნების რიტუალს, ოჯახური ტრადიციები ვერ ცვლის არსებულ სურათს, მაშინ როცა სიმართლე დიდი ხნის მკვდარია.

სპექტაკლს არაჩვეულებრივი მუსიკა „მაგნოლია“ სდევს ლაიტმოტივად, რომელიც თითქოს შემთხვევითი არაა და სცენარს განსაკუთრებულად დრამატულს ხდის.

თუ რა საიდუმლოებებს ინახავს თითოეული პერსონაჟი ამ ნაწარმოებში, რეჟისორი თითქოს ბოლომდე არ „ხსნის კარტებს“ და გვიტოვებს ფიქრის საშუალებას, თავად გამოვიტანოთ დასკვნები. სიბრალული, ზიზღი, ემპათია, ანტიპათია – ამ ემოციათა კორიანტელი თავს ატყდება მაყურებელს მთელი სპექტაკლის განმავლობაში.

სიმბოლოების მნიშვნელობას თუ მივუბრუნდებით, აგვისტოს თვეც შემთხვევითი არაა, ის წელიწადის ყველაზე ცხელი თვეა თავისი დაძაბულობებისა და დაგროვილი ემოციების აფეთქების. სცენარი აგვისტოში, დაუნდობელ სიცხეში ვითარდება, რაც დიდწილად პერსონაჟების შინაგან დუღილს ასახავს. სახლი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც სიყვარული და სიძულვილი თანაარსებობაშია, საბოლოოდ კი ყველა გარბის, სახლი თითქოს შთანთქავს თავის ბინადრებს და ასე მთავრდება სპექტაკლი.

დრამა გვიჩვენებს, თუ როგორ გადაეცემა ტკივილი თაობიდან თაობას მემკვიდრეობით, როგორც საშვილიშვილო წყევლა. სიძულვილის ძალა საოცარი პროფესიონალიზმითაა გადმოცემული. პიესაში ყველა ის ყოფითი პრობლემაა თავმოყრილი, რაც, როგორც ქართულ, ისე არაქართულ საზოგადოებებს ეხება და მნახველს დიდ ინტერესსა და კითხვის ნიშანს უტოვებს ფარდის დაშვების შემდეგ.

ავტორი: ანნა კარდენახიშვილი

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი

პრაქტიკანტი